has gloss | kat: სარმეან კათოლიკოსი - ქართველი წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 აგვისტო, ახალი სტილით - 3 სექტემბერი. კათალიკოსი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა 767-779 წლებში. მისი მამამთავრობა საქართველოში არაბთა ბატონობას დაემთხვა. არაბები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, ავიწროებდნენ ღვთისმსახურებს, ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარმეან კათოლიკოსის მამათავრობის დროს თვით ამირას საბრძანებელ ქალაქ თბილისშიც კი მრავალი ეკლესია მოქმედებდა. სარმეანი მტკიცე დამცველი იყო მართლმადიდებლობისა, მაგრამ ერთხელ, ყველიერის ხუთშაბათს, შიომღვიმის მონასტერში სარმეანმა „გამოუძიებლივ“ აზიარა მასთან ძღვნით მისული უცნობები, რომლებიც თურმე იაკობიტთა მწვალებლობის მიმდევრები ყოფილან. „იმ ღამესვე ძილში ზეგარდამოეხილა სარმეანს ესრეთ წინდაუხედაობა და უღირსებით შეურაცხებულ ხარისხისა მისისა“, გამოღვიძებულმა კათოლიკოსმა შეკრიბა ეპისკოპოსები, აუწყა მომხდარი, მათ წინაშე დაწვა იაკობიტთა მორთმეული ძღვენი და „ცრემლით სტიროდა ცთომასა თვისსა“. |