has gloss | kat: გორა, დიხაგუძუბა, დიხაზურგა, თელი, თეფე, არქეოლოგიურ ძეგლთა კატეგორია, დასახლების ერთ-ერთი უძველესი სახეობა მეტნაკლებად შემაღლებულ ადგილზე. სოციალური ისტორიის თვალსაზრისით, გორა არის გვარის სამოსახლო, სამეურნეო საკულტო ადგილი, სიმაგრე, ხშირად სამაროვანიც. ამისდა მიხედვით გვაქვს გორასაცხოვრისი, გორანამოსახლარი, გორასახელოსნო, გორაციხე, გორასამლოცველო და გორასამარხი. გარეგნულად გორებში სამი ჯგუფი გამოირჩევა: განმხოლოებული, განკიდული და ამოზიდული (ნ. ბერძენიშვილი). გორებად დასახლება ნეოლითის ხანაში დაიწყო, როდესაც მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარების შედეგად გვარი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა. სამოსახლოდ ირჩევდნენ ბუნებრივ შემაღლებებს, უპირატესად ვაკეზე ან ვაკიდან ზეგნისაკენ გარდამავალ ზონაში, რომელიც მდიდარი იყო სამიწათმოქმედო სავარგულებითა და საძოვრებით. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარება განსაზღვრავდა გორების განლაგების ზოლს. |